როგორ გაჩნდა სამყარო და რა ძალა ამოძრავებს მასში არსებულ მატერიას?(KAI)

სამყარო
Spread the love

 ჩვენი სამყარო(ითვლება, რომ არსებობს სხვა სამყაროებიც) 13,8 მილიარდი წლის წინათ ერთ წერტილში იყო თავმოყრილი და ის არანაირი ნივთიერებების ნაზავს არ წარმოადგენდა. ნივთიერებები გაჩნდა შემდეგ, ვარსკვლავების გაჩენასთან ერთად. მსუბუქი ვარსკვლავები, “მსუბუქი” ნივთიერებების წყაროებად იქცა(დიდი აფეთქების მერე უმსუბუქესი წყალბადის ატომი უკვე არსებობდა, ის სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტია). ასტრონომიაში, წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ნივთიერებებს მეტალებს უწოდებენ. ამ “მეტალების” და ნამდვილი მეტალების წყარო მძიმე ვარსკვლავებია, 3-ჯერ და უფრო მასიური, ვიდრე მზე.

 მასიური ვარსკვლავები ევოლუციას ზეახლად აფეთქებით ამთავრებენ. აფეთქების მერე მათ ადგილზე რჩება ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი. აფეთქება გრავიტაციული კოლაფსის (შიგნით ჩანგრევა) გამო ხდება. ვარსკვლავები თერმობირთვული რეაქციების ხარჯზე ანათებს, თერმობირთვულ რეაქციას ვარსკვლავის უზარმაზარი მასა იწვევს, ეს მასა ცენტრს აწვება, მაღალი წნევა, ტემპერატურას ათეულ მილიონობით კელვინამდე ზრდის(15 მილიონამდე მზის შემთხვევაში). მხოლოდ ასეთ ტემპერატურას და წნევას შეუძლია გადაძლიოს ერთსახელა მუხტის მქონე პროტონებს შორის განზიდვის ძალა და წყალბადის ატომები ერთმანეთს შეუერთოს(სინთეზი), ასეთი გაერთიანების დროს ჩნდება ჰელიუმი, მეორე ელემენტი მენდელეევის პერიოდულ სისტემაში. თუ ვარსკვლავი მზეზე გაცილებით მძიმე იყო, მაშინ მის ცენტრში ეს რეაქციები არ შეწყდება და ასე გაგრძელდება დანარჩენი ელემენტების “წარმოება” გარკვეულ ზღვრამდე, რომლის იქეთ რეაქცია ვეღარ მიდის. თერმობირთვული რეაქცია ჩვეულებრივი აფეთქებაა და ცდილობს ვარსკვლავის დანგრევას, დანგრევისგან კი ვარსკვლავს მისივე მასა იცავს, აფეთქებას ცენტრში აქცევს და პროცესებს აწონასწორებს. თუ ეს შიგნიდან გარეთ მოქმედი ძალის მოქმედება შეწყდა, ანუ თერმობირთვულუ რეაქცია გაჩერდა, მაშინ მთელი ვარსკვლავური გარსი იწყებს ცენტრისკენ მოძრაობას და კოლაფსირებს. აფეთქების წინ ყველაფერი წამებში ხდება, ტემპერატურის კიდევ უფრო ზრდა, მძიმე ელემენტების სინთეზი და ბოლოს, გაცილებით მკვრივ ბირთვთან შეჯახება. ვარსკვლავის საწყის მასაზეა დამოკიდებული ნეიტრონებად ჩაიპრესება მისი შემადგენელი ნივთიერება თუ კიდევ უფრო ეგზოტიკურ, ზეშეკუმშულ წერტილად – შავ ხვრელად გადაიქცევა. ხსენებულ მკვრივ ბირთვთან შეჯახების მერე მთელი გარსი ისევ უკან გამოიტყორცნება, ხდება ზეახლის ანთება. ერთბაშად გამოსხივებული ენერგია ზოგჯერ გალაქტიკის ელვარებას უტოლდება ოპტიკურ სპექტრში(მცირე ხნით). აფეთქებით გამოტყორცნილი მძიმელე ელემენტები და გაზები კოსმოსში იფანტება ყველა მიმართულებით, გაჩენილი შესქელებების გარშემო, გამოტყორცნილი მატერია ისევ ვარსკვლავებად, პლანეტებად, კომეტებად, ასტეროიდებად, მეტეორებად გროვდება. ასე მოხდა მზის შემთხვევაშიც. თვითონ მზეც მეორედი ვარსკვლავია, ის და მზის სიტემა სხვა ვარსკვლავების ევოლუციის მეორადი პროდუქტია. მისი მოძრაობის თუ ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარე განაპირობა იმ პირობებმა რა პირობებშიც ის ჩამოყალიბდა. დაშორება გალაქტიკის ცენტრიდან, სხვა ვარსკვლავებიდან თუ გაზურ-მტვროვანი ღრუბლებიდან. პლანეტები და მთელი ის მატერია, რომელიც მზის სისტემაშია იქეთ მოძრაობს საითაც ბრუნავს მზე თავისი ღერძის გარშემო. მზის მიზიდულობის ძალა ყველა დანარჩენ ახლო მდებარე მატერიის მიზიდულობაზე გაცილებით ძლიერია, ამიტომ ყველაფრის მმართველი თვითონ მზეა. ის მოძრაობაში იყოლიებს ყველაფერს რასაც მისი გრავიტაციული ველი მიწვდება, ყველაფერი ჩვეულებრივ წყლის მორევს შეიძლება შევადაროთ. გამონაკლისი შემთხვევები გამოწვეულია შემდგომ მომხდარი კატასტროფებითა და პლანეტებს შორის მოქმედ მიზიდულობის ძალებზე. მაგალითად, ვენერა ღერძის გარშემო საპირისპირო მხარეს ტრიალებს დანარჩენი პლანეტებისგან განსხვავებით, ურანი კი თითქოს მუცელზე ტრიალებს. მისი ღერძის დახრილობა თითქმის მზესთან შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყის(ეკლიპტიკა) პარალელურია. თუ მზე მათ ასეთი ძალით იზიდავს, მაშინ რატომ არ ცვივა პლანეტები მზეზე. მათ ასეთი კატასტროფისგან ჩამოყალიბების დროს მინიჭებული მოძრაობის სიჩქარე იცავს. იყოლიებდა რა მზე ზემოთ ხსენებული პირველი ვარსკვლავების მიერ გამოტყორცნილ მატერიას მოძრაობაში(ამ მატერიას უკვე გააჩნდა ზეახლისგან მინიჭებული იმპულსი), დროთა განმავლობაში ანიჭებდა მას აჩქარებას, რომელიც ეწინააღმდეგება მიმზიდველ გრავიტაციულ ველს და ცდილობს “გაექცეს” მას. გარკვეული დროის მერე, გარკვეულ ადგილზე, რომელიც შემდეგ ციური სხეულის ორბიტად იქცევა, ეს ორი საწინააღმდეგო ძალა წონასწორობაში მოდის და ჩამოყალიბებული პლანეტა თუ ასტეროიდი წრეზე იწყებს მოძრაობას მზის გარშემო(დედამიწა მზის გარშემო 30 კმ/წმ.(!!!) სიჩქარით მოძრაობს). სისტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპებზე იმ ობიექტებმა, რომლებმაც ასეთი წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და მზესთან ახლოს ყალიბდებოდა, ალბათ მასზე დეცა და განადგურდა. უფრო შორს მდებარე მატერიის გროვები პლანეტებად ვერ ჩამოყალიბდა ისევ და ისევ გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მაგალითად, ასტეროიდული სარტყელი მარსსა და იუპიტერს შორის. ამ ორი პლანეტის მიზიდულობის ძალები მზესთან ერთად თავიანთ მხარეს იზიდავდა ხსენებულ მატერიას და არ აძლევდა ერთ ადგილზე შეგროვების საშუალებას. ასეთნაირად გაჩნდა ასტეროიდული სარტყელი ამ ორბიტაზე და არა პლანეტა. როგორც ვხედავთ ყველაფერს გრავიტაცია განაგებს, ის იწვევს ვარსკვლავების გაჩენას, მათ აფეთქებებს, შერწყმას თუ შავ ხვრელად გადაქცევას. ითრევს ყველაფერს საყოველთაო მოძრაობაში.

 რატომ არ ვარდება დედამიწა მზეზე?

 მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ დედამიწა ყოველთვის მზეზე ვარდება, თუმცა ვერა და ვერ ახერხებს ამას. აგერ უკვე 5 მილიარდი წელია ის განუწყვეტლად მოძრაობს თავის ორბიტაზე, ამ მოძრაობაში ერთმანეთთან არის შერწყმული განუწყვეტელი მზისკენ ვარდნა და მოძრაობა(რომელიც დედამიწამ “მემკვიდრეობით მიიღი თვითონ მზის სიტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე) მნათობის საწინააღმდეგო მიმრთულებით, ასეთი წონასწორობის გამო საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე თითქმის არ იცვლება.

დედამიწა ორბიტაზე 30 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს, ამასობაში მან გაირა 50 000 სინათლის წლის ტოლი მანძილი(1 ს.წ.=1013კმ.) დანარჩენმა პლანეტებმა მერკურისა და ვენერას გამოკლებით, აღნიშნულზე მცირე მანძილი გაიარეს, რადგან მათი სიჩქარე უფრო მცირეა(უფრო შორს არიან მზიდან).

 დედამიწა აგრეთვე მონაწილეობს მზის სისტემის საერთო მოძრაობაში  და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ბრუნავს გალაქტიკის ცენტრის გარშემო. ამ მოძრაობაში მან უკვე 4 მილიონი სინათლის წლის მანძილი დაფარა.

 ის, რომ ამდენი ხნის მერე დედამიწის სიჩქარე და მანძილი მზემდე არ შეიცვალა, აიხსნება რამდენიმე მიზეზით.
1.მზის მასა და მიზიდულობის ძალა თითქმის არ შეცვლილა;
2. არიან რა მზეზე ძალიან პატარები მასით, სისტემის დანარჩენმა პლანეტებმა ვერ შეძლეს დედამიწის გადაგდება ტრაექტორიიდან თავიანთი მიზიდულობის ძალებით.
3. სხვა ვარსკვლავებამდე მანძილები იმდენად დიდია, რომ გალაქტიკაში მოძრაობის დროს რომელიმე მათგანთან მიახლოება უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს მზის სისტემაზე.
4. დედამიწა მოძრაობს ვაკუუმში, ამიტომ არ არსებობს გარემო, რომელთანაც ხახუნი გამოიწვევდა სიჩქარის შემცირებას. ამ ვაკუუმის შექმნაზეც მზემ “იზრუნა”. თავისი მძლავრი სინათლით და მზის ქარით გააძევა სისტემის კიდებისკენ მტვერი, ნეიტრალური და იონიზირებული გაზები.

 ამ პროცესის სისწორეში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია დავაკვირდეთ კომეტების კუდებს. ეს კუდები, როგორც ყოველთვის, მიმართულია მზის საწინააღმდეგო მხარეს, ანუ საითაც უბერავს მაგნიტური ქარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქარი, პრაქტიკულად, დედამიწისა და პლანეტების მოძრაობაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს.

 ყველანაირი მოძრაობის პირველი იმპულსი რა თქმა უნდა დიდი აფეთქებაა. თუ დავუბრუნდებით ტექსტის დასაწყისში აღნიშნულს, იგი 13,7 მილიარდი წლის წინათ მოხდა. ეს ექსპერიმენტულად დადასტურებული ფაქტია. მისი ყველაზე დიდი მტკიცებულება რელიქტური გამოსხივებაა. სანამ სამყარო გარკვეულ ზომას მიიღებდა იგი არ იყო გამჭვირვალე სინათლის სხივისთვის, ხდებოდა მისი განუწყვეტელი შთანთქმა გამოსხივება. შეიძლება შევადაროთ ბუშტის გაბერვას, რომელიც თავიდან სინათლის სხივს არ ატარებს და არ ჩანს მეორე მხარე. ზომების მატებასთან ერთად ის გამჭვირვალე ხდება და სინათლის სხივიც მასში უფო ადვილად გადის. ასე მოხდა დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 300 000 წლის მერე, სამყარო გამჭვირვალე გახდა გამოსხივებისთვის. ეს გამოსხივება რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი იყო თავიდან, თუმცა ასეთი დიდი დროის გავლის მერე მან ენერგია დაკარგა და მიკროტალღურში გადავიდა, მისი ტემპერატურა ამჟამად ისეთი მცირეა, რომ დასაფიქსირებლად მოწყობილობის ლამის აბსოლუტურ ნულამდე გაცივებაა საჭირო. მისი “დანახვა” პირველად მოახერხა  კოსმოსურმა აპარატმა COBE-მ, ხოლო კიდევ უფრო ზუსტი სურათი მისია WMAP-მა მოგვცა. მისი ამჟამინდელი ენერგიის მაჩვენებელი ზუსტად დაემთხვა გამოთვლილს, ის სამყაროს ყველა მიმართულებით მოძრაობს, მისი ფონი ყოვლის მომცველი და ერთგვაროვანია(ანიზოტროპული). სწორედ ის არის დიდი აფეთქების უძველესი გამოძახილი.

 ჩვენთვის “პატარა დიდი აფეთქება” მზეა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ აქ ის განაგებს ყველაფერს. ყველაფერი მატერიალური მზის სისტემაში, ყველანაირი ნივთიერება, თვითონ ჩვენც, მზისა და ზემოთ ხსენებული ზეახლის შემადგენელი ნაწილი ვიყავით. ნებისმიერი გლობალური პროცესი, რომელიც დედამიწაზე ხდება მზეზეა დამოკიდებული. ამინდი, დღეებისა და წლების მონაცვლეობა, სიცოცხლე, ყველაფერი მზეზეა დამოკიდებული. საკვები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, მზიდან გამოსხივებით მოტანილი ენერგიაა. ბენზინი, რომელიც მანქანას ამოძრავებს მილიონობით წლის წინათ მცენარეების მიერ შთანთქმული მზის ენერგიაა, მცენარეებისა, რომლებიც მიწის წიაღში მოექცნენ და ნავთობად გარდაიქმნენ.

 რა იყო აქამდე და როგორი იქნება დასასრული მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *