კენტი
როდესაც მეფეს აერევა მის გზა და კვალი,
ყმის ერთგულება მაშინ უნდა იქ ღაღადებდეს.
კორდელია
თუმც რაც მაკლია, მე იმით ვარ მხოლოდ მდიდარი,
მაგრამ ეგ ნაკლი მე გამიხდა წყრომის მიზეზად:
მე არ მაქვს თვალნი მათხოვარნი და ენა მლიქენი
და არ ქონვა ეგ მე მახარებს და მასულდგმმარებს,
თუმც მაგ არ ქონვამ მამის გული დამაკარგვინა.
საფრანგეთის ხელმწიფე
ის სიყვარული სიყვარულად არ იხსენება,
როს ანგარება, ანგარიში მას ზედ დაერთვის;
თუ სიყვარულში სიყვარულზედ მეტს რასმეს გავრევთ,
მაშინ დაბლდება სიყვარული და უკვდავება.
საფრანგეთის ხელმწიფე
ოჰ, ღმერთნო ჩემნო! საოცარ სა საკვირველია,
რომე რაც მეტად იგი ამათ აითვალწუნეს,
მით უფრო მეტი სიყვარული ჩემს გულს ეგზნების.
ედმუნდი
მე, ვინც ჩამსახა უტკბოესმა ვნებათ ღელვამა
და საიდუმლო ტრფიალებამ შთაბერა სული,
მე, რომლისთვისაც თვით ბუნებას კრძალვით წარსტაცეს
სულისა ღონე და სიტურფე თვალ-ტანადობის?
ესრედ ნაყოფის გამოღება ნუ თუ არ სჯობდეს
ჩვეულებრივის გაცვეთილის გრძნობით გაჩენას,
რომელიც კანონთ ნებადართვით, თვლემით, მთქნარებით
ბადავს ამ ქვეყნად ამდენ ტუტუცთ და სულელთ გროვას?
კანონიერი!… ვიშ რა სიტყვა მოუგონიათ!…
ოჰ, ღმერთო ჩემნო, შეგვეწიეთ უკანონოებს.
გლოსტერი
არაფერს დამალვა არა სჭირია.
გლოსტერი (კითხულობს წერილს)
მე ეხლა მივხვდი, რომ სულელობა და უხეირობა ყოფილა, კაცმან თავი შეივიწროოს და ექვემდებაროს გამოჩერჩეტებულს სიბერის მძლავრობასა, რომელიცა მეფობს არა თავისის ძლიერებითა, არამედ კაცთა ჩვეულების ძალითა,
გლოსტერი
კეთილშობილი და ერთგული კენტი განდევნეს! მისი ბრალი მხოლოდ პატიოსნება იყო! მიკვირს, მაოცებს!
ედმუნდი
სასაცილოა კაცთა სულელობა! როდესაც უბედურება გვეწვევა რამე, მაშინ ჩვენს უბედურებას, – თუნდ რომ ბრალიც იყოს, – გადავაბრალებთ ხოლმე მზეს, მთოვარეს და ვარსკვლავებს.
ძალიან ოსტატური თავის გამართლება არ იქნება მეძავ-მრუშე კაცისაგან, რომ თავისი ძაღლური მსუნაგობა ვარსკვლავებს გადააბრალოს?! აქაო და ესა და ეს ვარსკვლავი იყო ცაზედ, როცა დედაჩემმა მამაჩემთან შესცოდაო და და ამა და ამ ვარსკვლავზედ დავიბადეო, – ამისთვის უსათუოდ მხეცი და მრუში უნდა ვიყოო.
მე კი ასე მგონია, რომ თუნდ თვით უქალწულესს ვარსკვლავსს განებრწყინება ჩემი უკანონო ჩასახვა, მე მაინც ის ვიქნებოდი, რაცა ვარ.
ხუმარა
ეგ არის და! სიმართლე ქოფაკი ძაღლია: იმას ცემატყეფით კარში გააგდებენ ხოლმე და თავმოწონებულს ფინიას კი ნებას მისცემენ, რომ ბუხრის წინ გაიშხლართოს და ინებივროს.
ხუმარა
ყური კარგად მათხოვე: რაც რამა გაქვს, სჯობია რომ იმას ჰფარვიდე,
რაც რამ იცი, სჯობს რომ იმას არ სთქმიდე.
გაცემასა ყველაფრისას არ ჰქმიდე,
ცხენზედ იჯდე და ფეხით არა ვლიდე.
რაც იცი, მასზედ მეტს ისწავლიდე,
არავის ენდო, ვიდრე არ გაიცვნიდე,
ლოთობას და ქალთ დევნას დაიშლიდე,
შინიდგანა კარში აღარ გახირდე.
მაშინ იქმნე მდიდართ თანასწორია,
როგორც სწორედ ოცი ათჯერ ორია!
ლირი
მასხარასაც მეძახი, შე ურცხო?
ხუმარა
მაგ სახელის გარდა, რაც დედის მუცლიდამ სახელი და ხარისხი დაგყვა, სულ სხვას გაუბოძე და მა რაღა დაგიძახო?
კენტი
ხელმწიფეო, ეს სულელი მთლად სულელი არ ყოფილა.
ხუმარა
ნათლი! შენს მასხარას ერთი ოსტატი დაუჭირე, რომ ტყუილი ასწავლოს. მე დიდის ხალისით ვისწავლიდი ყოველ-გვარს სიცრუესა.
ხუმარა
სწორედ რომ საძაგლობაა, მაგრამ მაინც შენს ყოფაზედ არ გავცლი. შენს ჭკვას გვერდები იმოდენად ჩამოათალე ორივე მხრივ, რომ შუაში აღარა დაინარჩუნე რა. აგერ გაიხედე, შენგან
გონერილა
მეტს დანდობაზედ ფრთხილი შიში უმჯობესია.
ჯერ უნდა კაცმა განსაცდელი უკუირიდოს
და მერე მხოლოდ განუტევოს გულიდგან შიში.
ალბანი
ეს კია: ხშირად ბევრის ნდბით ცოტასაც ვკარგავთ.
ხუმარა
ერთი ეს მითხარ, ბიძია, ცხვირი შუა პირის სახეზედ რად არის?
ლირი
არ ვიცი
ხუმარა
არ იცი, სადაფი სადაფს როგორ იკეთებს?
ლირი
არ ვიცი.
ხუმარა
არც მე ვიცი. ეს კი ვიცი, რისთვისაც იკეთებს.
ლირი
რისთვის?
ხუმარა
მისთვის, რომ თავი შიგ შეაფაროს და არა იმისთვის, რომ ის თავის ქალებს მიუბოძოს და თითონ კი თავშეუფარებელი დარჩეს.
ხუმარა
ჯერ ჭკუა უნდა გესწავლა და მერე დაბერებულიყავ.