2020 წლის დეკემბერში ცხოველთა უფლებების აქტივისტებმა მახინჯაურის ტყეში, 10კვ.მ. სივრცეში 80 კატასთან ერთად მცხოვრები ადამიანი აღმოაჩინეს.
ცხოველები იმყოფებოდნენ გაუსაძლის სიბინძურესა და სივიწროვეში.
სავარაუდოდ, საქმე გვქონდა ცხოველთა შემგროვებლობით გამოხატულ ფსიქიკური აშლილობის ფორმასთან. ასეთ დროს ადამიანს დაუძლეველი სურვილი აქვს აიყვანოს ცხოველები იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მათი მოვლა.
რამდენიმე ორგანიზაციასთან და აქტივისტთან ერთად გადავწყვიტეთ კატების აღნიშნული სივრციდან დახსნა. საბოლოოდ, მოლაპარაკებების შედეგად, 75 კატის წამოყვანა შევძელით.
ცხოველები თბილისში დროებით თავშესაფარში მოვათავსეთ მკურნალობის და რეაბილიტაციის გასავლელად. ეტაპობრივად მოხდა მათი სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია.
ზოგიერთ მათგანს უკვე გაუმართლა და იპოვა მზრუნველი ოჯახი, თუმცა ბევრი კვლავ ელოდება ახალი ცხოვრების დაწყების შანსს.