რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებისას

სესხის აღება
Spread the love

დღესდღეობით სესხის აღება ჩვეულებრივი ამბავია და მოსახლეობის უმეტესობა სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით (არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ეს იქნება უგირავნო სესხი თუ სესხი მყარი გარანტიით). სესხით მოსარგებლე ადამიანებს შორის უმეტესობა სრულყოფილად ვერ ერკვევა სესხის  პირობებში და ვერც მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების ღრმა ცოდნით გამოირჩვა, რაც ხშირად  განათლების დაბალი დონითაა განპირობებული.

სესხების კლასიფიკაციას სიღრმისეულად არ განვიხილავთ,  მაგრამ გეტყვით რომ გამორჩეული წილი სესხებს შორის უჭირავს იპოთეკურ, ბიზნეს, სამომხმარებლო, აგრო და ავტოსესხებს (არის კიდევ სხვა ტიპის სესხები – იგივე საკრედიტო ბარათები, სტუდენტური სესხები, ოვერდრაფტები, განვადებები, ტურისტული  სესხები, ანაბრით უზრუნველყოფილი სესხები და ა.შ)

სესხების ეს დიდი ჩამონათვალი ცოტა აბნევს მომხმარებელს, მაგრამ ნებისმიერი ტიპის სესხით სარგებლობის დროს უმთავრესია  ვიცოდეთ იმ ხარჯების შესახებ, რომლებიც გვექნება სესხის აღების დროს და ასევე მისი მიმდინარეობის თუ დასრულების შემდეგ. ხშირად  მომხმარებელი ისე იღებს სესხს, რომ მისთვის მოცემულ მომენტში მეორეხარისხოვანია მის მიერ გასაწევი ხარჯები და  გადასახდელი პროცენტი, რაც რა თქმა უნდა არასწორია.

ბანკებიც თავის მხრივ ყველანაირად ცდილობენ ეს ხარჯები შენიღბონ და ისე აწვდიან მომხმარებელს ინფორმაციას, რომ საწყის ეტაპზე ეს არ იყოს  მისთვის გამაღიზიანებელი ან სრულიადაც შეუმჩნეველი დარჩეს, იმ მომენტამდე სანამ კლიენტი ფაქტის წინაშე არ  აღმოჩნდება (მაგ: რამოდენიმე ბანკში სესხის ოფიცერს ვერ ათქმევინებ იმას თუ რამდენ პროცენტში გაძლევს სესხს – გეტყვის რომ X თანხაზე თვეში Y გექნება გადასახდელი, მაგრამ პროცენტს ვერ ათქმევინებ ან თუ ძალიან გაჯიუტდები და მაინც პროცენტის გაგებას მოითხოვ შეუმჩნევლად და  არაგამაღიზიანებლად გატყუებს და კლებადი პროცენტის ნაცლად წრფივ პროცენტს გეუბნება).

რა თქმა უნდა, არის ბანკებისა და  სესხების კატეგორია რომლებიც პირდაპირ გეუბნებიან თუ რამდენი პროცენტია წლიურად თქვენი ხარჯი, მაგრამ ესეც არ არის  სრული ინფორმაცია. იმისათვის რომ X სესხზე თქვენი ხარჯი ზუსტად დათვალოთ (თუ საერთოდ დაინტერესებული ხართ  ამ საკითხით) დაგჭირდებათ რამოდენიმე  ფაქტორის გათვალისწინება და მათემატიკის მინიმუმ %-ის გამოთვლის დონეზე ცოდნა.

სესხის აღების დროს გასათვალისწინებელი ფაქტორებია:

– სესხის გაცემის/მომსახურების საკომისიო;

– კრედიტ ინფოში გადამოწმების საფასური;

– სესხის პროცენტი;

– სესხის დამტკიცებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების ხარჯები;

– უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში საჯარო რეესტრის ან ნოტარიუსის ხარჯები;

– თანხის შეტანის დროს მომსახურების საკომისიო;

– სესხის დროზე ადრე დაფარვის პირგასამტეხლო.

აღნიშნული ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღების დროს და დააზუსტოდ თუ რა ხარჯები გექნებათ ზუსტად – თანხობრივად. ასევე გახსოვდეთ, რომ დამტკიცებულ სესხზეც კი შეგიძლიათ უარის თქმა (ამ ფაქტით ხშირად მანიპულირებენ სესხის ოფიცრები, ასე ვთქვათ “ტენიან” სესხს კლიენტებს განსხვავებულ პირობებში ვიდრე შეპირებულები იყვნენ).

სესხის გაცემის/მომსახურების საკომისიო

ამ ფუნქტს ნებისმიერ ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში უპრობლემოდ გეტყვიან, უბრალოდ თავიდანვე უნდა იკითხოთ  და დაიმახსოვროთ (გაითვალისწინეთ რომ სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტის შემთხვევაში გაცემის/მომსახურების საკომისიო ასევე სხვადასვაა).

კრედიტ ინფოში გადამოწმების საფასური

ეს არის ის ხარჯი, რომელიც ვფიქრობ რომ თავმოყვარე კომპანიას არ უნდა გააჩნდეს, მართალია აღნიშნული ხარჯი 5-დან 10 ლარამდე მერყეობს მაგრამ  მაინც არასწორია მსგავსი ხარჯის მომხმარებელზე გადაწერა.

სესხის პროცენტი

თუ თქვენ გაქვთ სესხი კლებადი პროცენტით მაშინ გაგიჭირდებათ მისი პროცენტის დათვლა, რადგან კლებადი  პროცენტი რადიკალურად განსხვავდება ეფექტური პროცენტისაგან. მაგ: თუ თქვენ გამოიტანთ 3000 ლარს სესხს 1 წლით და თვეში მოგიწევთ 301 ლარის გადახდა გამოვა რომ თქვენ სესხი გაქვთ კლებად 36%, ხოლო ეფექტური/წრფივი პროცენტი იქნება 20-21 %. კლიენტს რომელიც ვერ ერკვევა აღნიშნულ პროცენტებში ეტყვიან, რომ სესხს აძლევენ 20-21%-ში, რადგან 12*301=3612 და ზედმეტად გადახდილი გამოდის 612 ლარი, 612 კი 3000-ის  20.4%-ია. ამგვარი დათვლით ჩვენ მართლაც ვღებულობთ 20-21%, მაგრამ გახსოვდეთ რომ თქვენს მიერ ყოველთვიურად შეტანილი თანხით თქვენ ფარავთ ძირსაც და პროცენტსაც, ამიტომ  მსგავსი ტიპის სესხზე (როდესაც ძირსაც და პროცენტსაც ერთად ვფარავთ) პროცენტს ვთვლით შემდეგნაირად:

თვიურ გადასახდელს (301 ლარს), ვამრავლებთ სესხის ვადაზე (12 თვეზე), ვაკლებთ სესხის თანხას (3000 ლარს), მიღებულ ნაშთს (612 ლარს) ვყოფთ სესხის თანხაზე (3000 ლარზე), და მიღებულ ციფრს ვამრავლებთ 1.77-ზე (დაიმახსოვრეთ უბრალოდ როგორც კოეფიციენტი).

ანუ მაგალითის სახით რომ გავაკეთოთ ექნება შემდეგი სახე:

12*301=3612

3612-3000=612

612/3000=0.204

0.204*1.77=0.361

ეს რიცხვი რომ პროცენტებში გადავიყვანოთ მივიღებთ

0.36*100=36.1%

ანუ გამოვიდა, რომ სესხი გვაქვს 36%-ში და არა 20.4%-ში.

თუ აღნიშნული გამოთვლების ჩატარება გეზარებათ (არადა მარტივია ერთ-ორ მაგალითს გააკეთებთ და ავტომატურად დაგამახსოვრდებათ) თვითონ ბანკების და მიკოროსაფინანსო ორგანიზაციების  საიტებზე არის შესაბამისი სესხის კალკულატორები  და მათი დახმარებით შეგიძლიათ დათვალოთ პროცენტი.

სესხის დამტკიცებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების ხარჯები

როგორც წესი, ეს ყველაზე მიზერული დანახარჯებია  და დიდად აღნიშნულ ხარჯებზე ყურადღების გამახვილება არც ღირს, მაგრამ  საბოლოოდ როდესაც დავითვლით სესხის გამო გაწეულ ხარჯებს ეს ხარჯიც უნდა გავითვალისწინოთ.

უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში საჯარო რეესტრის ან ნოტარიუსის ხარჯები

როდესაც სესხს ვამყარებთ ამა თუ იმ უძრავი თუ მოძრავი ქონებით საჭიროა მისი იპოთეკით დატვირთვა, დაყადაღება ან  სულაც გადაფორმება. ეს ხარჯი დამოკიდებულია რეესტრის, მომსახურების სააგენტოს ან ნოტარიუსის მომსახურების ტარიფებზე,  როგორც წესი კი აღნიშნული ხარჯები 70-320 ლარის ფარგლებში მერყეობს.

თანხის შეტანის დროს მომსახურების საკომისიო

ზოგიერთ (მე მხოლოდ ერთზე მსმენია) ბანკს და ალბათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასაც ყოველთვიური თანხის შეტანის დროს აქვს დამატებით მომსახურების საკომისიო 1 ლარის ოდენობით, რაც თითქოს არაფერია მაგრამ თუ სესხი გრძელ ვადაზეა და პლიუს ამას დაუმატებთ იმ წვრილმან ხარჯებს,  რომლებიც სესხის დამტკიცების დროს გავწიეთ მივხვდებით რომ  სესხი სულ ცოტა 3-4%-ით გვიძვირდება.

სესხის დროზე ადრე დაფარვის პირგასამტეხლო

ხშირად ხდება ისეთი ფაქტები,  როდესაც სესხი დროზე ადრე იფარება. ამ დროს დარჩენილი ძირის გარკვეულ პროცენტს კი ყველა საფინანსო ორგანიზაცი იტოვებს, ბანკების  შემთხვევაში  ეს არის დარჩენილი ძირის 2%, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 4-7%-მდე მერყეობს (ადრე ბანკებსაც საკმაოდ მაღალი პროცენტი ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული ნიშნული 2%-მდე დაწია).

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებლად წაიკითხეთ გულდასმით და ყურადღებით სესხის ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში  აუცილებლად იქნება მითითებული წლიური ან თვიური პროცენტი მაინც და თუ თქვენ ხელშეკრულებაში არ დაგხვდებათ ის  პირობები, რომლებსაც დაგპირდნენ შეგიძლიათ სესხის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროთ. ხელშეკრულების გულდასმით გაცნობა კი არამხოლოს პროცენტის, არამედ უამრავი სხვა საკითხის გამოცაა აუცილებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *