ეთიკური პარადოქსები

Spread the love

რა არის კარგი და რა ცუდი, ამაზე ხშირად კამათობენ ადამიანები, თუმცა ზოგჯერ პასუხი ბუნდოვანია. არსებობს შემთხვევები, რომლებსაც მორალურ დილემებს (ასევე ეთიკურ პარადოქსებს) უწოდებენ.

გადატვირთული ნავი
წარმოიდგინეთ, შუაგულ ოკეანეში გემი ჩაიძირა, თქვენ კი გადარჩენის მიზნით გადახვედით ნავში, რომელიც უძლებს მხოლოდ 7 ადამიანის წონას. მაგრამ თქვენს გარდა იქ 15 ადამიანია, რის გამოც ნავს ჩაძირვა ელის. ერთადერთი გამოსავალია, რამდენიმე ადამიანი წყალში მოისროლოთ, სადაც მათ დახრჩობა ელით. მაგრამ სანაცვლოდ გადაარჩინოთ ნავზე მყოფნი, მათ შორის საკუთარი თავიც. რამდენად მისაღებია ასეთი საქციელი მორალურად? როგორ მოიქცეოდით თქვენ?

ავადმყოფი მეუღლე
წარმოიდგინეთ, თქვენი მეუღლე დაავადდა საშინელი უკურნებელი სენით, რის გამოც გამუდმებულ ტანჯვაშია და არაფერი შველის. ერთ დღეს ის გადაწყვეტს, რომ ჯობია მოკვდეს, რათა ამ ტანჯვას ბოლო მოუღოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მას თავად არ შეუძლია ამის გაკეთება და ესაჭიროება თქვენი დახმარება. ის გთხოვთ, დაეხმაროთ თვითმკვლელობაში. როგორ მოიქცევით?

მონის ფიქრები
თქვენ ხართ აფრიკელი მონა ბავშვი, რომელიც დღე-ღამეში 18 საათს მუშაობს და ქარგავს ნოხებს. ერთ დღესაც თქვენ იგებთ (მაგალითად, ძილში გეცხადებათ ვინმე, გაქვთ ხილვა, წააწყდებით საბაზრო სტატისტიკას და ა.შ.) , რომ თქვენს გაკეთებულ ნოხს არავინ ყიდულობს, შესაბამისად, ტყუილად წვალობთ. როგორი იქნება თქვენი რეაქცია?

A – გაბრაზდებით იმის გამო, რომ ამხელა შრომა წყალში გეყრებათ.
B – გაგიხარდებათ, რომ თქვენი ტანჯვით არავინ ხეირობს.

მეგობრის ვალი
მოდის მატარებელი მთელი სიჩქარით და უცებ ხედავთ, რომ რელსებში თქვენს შვილს ფეხი გაეჭედა და ეს-ესაა, შუაზე გაიყოფა. თქვენ გაქვთ საშუალება, გადაწიოთ ბერკეტი და მატარებელი მეორე ხაზზე გადავა, რითაც შვილს გადაარჩენთ. მაგრამ მეორე ხაზზე გაჭედილია თქვენი მეგობარი, რომელმაც ერთხელ სიკვდილისგან გიხსნათ და ასე ვთქვათ, მასთან ვალში ხართ. ვის გაიმეტებთ ამ ორიდან?

ფული VS პატიოსნება
წარმოიდგინეთ, ოჯახთან ერთად ცხოვრობთ ღარიბულ ქვეყანაში (ნუ ამას წარმოდგენა არც უნდა) და ერთ დღესაც ისე გაგიჭირდათ, რომ საჭმლის ფული არ გაქვთ, გამოსავალიც არ ჩანს. გახვედით გარეთ, რომ რაიმე საშუალება მონახოთ და უცებ სატვირთო ავტომობილიდან თქვენთან ახლოს ეცემა პატარა ჩანთა, რომელიც სავსეა ფულით. რომ აიღოთ ფული და თქვენთვის მოიხმაროთ, ქურდობა გამოვა. პატიოსნება რომ არჩიოთ და პატრონი მოძებნოთ, არ გაქვთ გარანტია, რომ მადლობას მაინც გეტყვით, არათუ წილს მოგცემთ იქიდან. როგორ მოიქცევით?

A – დაუბრუნებთ ფულს მის რეალურ მფლობელს.
B – წაიღებთ სახლში და ოჯახის წევრებს მოახმართ.

ღამის გათევა მეგობართან
გყავთ შვილი, თინეიჯერი გოგონა, რომელიც ცოტა ხნის წინ მეგობარ გოგონასთან დარჩა ღამით და მშვენიერი დრო ატარეს. ახლა მოდის და გეუბნებათ, რომ ასეთივე ღამის გატარებას აპირებს, ოღონდ ბიჭ მეგობართან. თქვენ ამ ბიჭის შესახებ არაფერი გსმენიათ, თქვენი შვილი კი გიმტკიცებთ, რომ მხოლოდ მეგობრები არიან და მეტი არაფერი, შესაბამისად, ერთმანეთს როგორც ქალსა და კაცს, არ უყურებენ. გაუშვებთ თუ სახლში დარჩენას აიძულებთ?

არჩევანი განკურნებისთვის
თქვენ და თქვენი უახლოესი მეგობარი ხართ უკაცრიელ კუნძულზე. ორივეს გჭირთ ერთნაირი დაავადება და ეს დაავადება სასიკვდილოა. გაქვთ წამალი, რომელიც ამ დაავადებას შველის, მაგრამ თქვენს ხელთ მხოლოდ ერთი აბია. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელი თქვენგანია ღირსი გადარჩენის? როგორ გგონიათ, ვინც აბს მიიღებს, დამნაშავედ უნდა გრძნობდეს თავს იმის გამო, რომ მის სანაცვლოდ მეგობარი დაიღუპა? უკეთესი ხომ არ იქნება, არცერთმა დალიოთ და ორივე მოკვდეთ?

მოსამართლის ქალიშვილი
ხართ მოსამართლე და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ბანკის ქურდობასთან დაკავშირებით. საქმის დეტალებით თქვენთვის აშკარაა, რომ ეჭვმიტანილი უდანაშაულოა. მაგრამ ამ დროს ხდება საშინელი რამ: ეჭვმიტანილის მტრები იტაცებენ თქვენს პატარა ქალიშვილს. გაურკვეველია, სად მალავენ, პოლიცია მრავალი ცდის მიუხედავად სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებათ. ამ დროს გიკავშირდებიან გამტაცებლები და გატყობინებენ, რომ გოგონას დაბრუნების სანაცვლოდ ეჭვმიტანილი დამნაშავედ უნდა სცნოთ. როგორ მოიქცევით?

ექიმის ბიძა
ხართ სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც გამოიძახეს ავარიის შემთხვევის გამო, რათა უშველოთ ახალგაზრდა ბიჭს. გზაში სასწრაფოს მანქანა ეჯახება ბიძათქვენის მანქანას, რის გამოც ის შავდება. დათვალიერების შემდეგ თქვენთვის ნათელი ხდება, რომ მართალია ბიძათქვენი უგონოდაა, მაგრამ არც ისე მძიმედ არაა დაშავებული, მას არ სჭირდება გადაუდებელი დახმარება. აი ავარიაში მოყოლილი ბიჭი კი წუთი-წუთზე დაიღუპება, თუკი დროზე არ მიხვალთ ინციდენტის ადგილზე. ასევე არ გაქვთ დრო, გამოუძახოთ დახმარებას. თუკი გსურთ, ბიჭი გადაარჩინოთ, დაუყოვნებლივ უნდა ჩაჯდეთ მანქანაში და მთელი სიჩქარით გაეშუროთ. როგორ მოიქცევით?

A – შეჩერდებით, რათა ბიძათქვენს დაეხმაროთ.
B – მიატოვებთ და ბიჭისკენ გაეშურებით.

ფეხით მოსიარულე
ხართ სატვირთოს მძღოლი, რომელსაც გადააქვს მოჭრილი ხეები ცალმხრივ გზაზე. უკან მოგდევთ კრიმინალი, რომელიც პერიოდულად იარაღიდან გესვრით, მაგრამ ჯერჯერობით დისტანციის დაცვას ახერხებთ. ამ დროს ხედავთ, რომ მოშორებით გზაზე მოხუცი ადამიანი გადადის. თუ თქვენ დაიწყებთ მოძრაობის შენელებას და დამუხრუჭებას, მოხუცი უვნებლად გადავა. სამაგიეროდ, კრიმინალი დაგეწევათ და სავარაუდოდ სიცოცხლეს გამოემშვიდობებით. შემოვლას ვერ მოახერხებთ, რადგან მანქანა დატვირთულია და მკვეთრი მოძრაობის გამო შეიძლება გადაყირავდეს. რას ამჯობინებთ, გადაუვლით ფეხით მოსიარულეს, რათა თავი გადაირჩინოთ, თუ საკუთარ თავს გაწირავთ?

საკონცენტრაციო ბანაკი
თქვენ ხართ საკონცენტრაციო ბანაკის “მობინადრე”. ერთხელ თქვენმა შვილმა სცადა გაქცევა, მაგრამ მცველმა დაიჭირა და ჩამოხრჩობას უპირებს. მანამდე კი მოდის თქვენთან და გეუბნებათ, რომ ფეხებიდან სკამის გამოცლა თქვენზეა. თუ ამას არ იზამთ, თქვენს შვილთან ერთად სხვა უდანაშაულო ადამიანსაც ჩამოახრჩობს. მცველი ყველა ვარიანტში შეასრულებს თავის ნათქვამს. როგორ მოიქცევით?

ავარია
თქვენ ხართ ‘სასწრაფო’-ს ექიმი და გაგაგზავნეს შემთხვევის ადგილზე. მისვლისას ნახეთ, რომ ავარიაში მოყოლილი მანქანა თქვენს მეუღლეს ეკუთვნის, მაგრამ მანქანაში მარტო არაა – იქ საყვარელიც უზის. თქვენი მეუღლე მხოლოდ იმას ახერხებს, შემოგხედოთ და გითხრათ: “მაპატიე!” თუკი მას არ უშველით, დიდი შანსია რომ დაიღუპოს, რადგან გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. მისი საყვარელი კი კისრის არეშია შუშის ნამსხვრევებით დაჭრილი და მასაც ასევე სჭირდება დახმარება. თუკი თქვენს მეუღლეზე დაიწყებთ ზრუნვას, მისი საყვარელი მოკვდება და პირიქით. როგორ მოიქცევით?

სპამი
თქვენ ხართ ქსელის ადმინისტრატორი ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში. ოჯახში მხოლოდ თქვენ მუშაობთ. სამსახურში თქვენი ერთ-ერთი ფუნქციაა ელ.ფოსტაზე თვალყურის დევნება. კონკრეტულად კი, ზოგჯერ ამოწმებთ თანამშრომლების იმეილებს, რათა დარწმუნდეთ, რომ სპამი არ მოდის მათ სახელზე. ერთხელაც დაგჭირდათ შემოწმება და ნახულობთ ერთ-ერთი თანამშრომლის წერილს, რომელიც თქვენი ახლო მეგობრის მეუღლეა. წაკითხვის შემდეგ ხვდებით, რომ ეს წერილი საყვარლისგან მიუვიდა. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს მეგობარს ეს ამბავი, მაგრამ სანაცვლოდ სამსახურს დაკარგავთ, რადგან კოლეგის მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაცია კომპანიის გარეთ გაიტანეთ. როგორ მოიქცევით?

მეზობელი
თქვენ გყავთ შვილი, 8 წლის გოგონა, რომელიც ერთხელ გააუპატიურეს. ის ამის შემდეგ აღარ ლაპარაკობს, მაგრამ მიგახვედრათ, რომ ამაში დამნაშავე თქვენი მეზობელია. თქვენ არ გაქვთ საკმარისი საბუთი, რათა სასამართლოს გზით დაუმტკიცოთ, რომ ეს მან ჩაიდინა. ერთხელ ოჯახთან ერთად კაფეში ჯდომისას ამჩნევთ ამ მეზობელს, რომელიც მარტო ზის და ილოღნება. მეორე დღეს მას პოლიცია აკავებს და ბრალად ცოლის მკვლელობას უყენებს. პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ქურდობის მცდელობას ჰგავდა, მაგრამ ქმრის გარდა სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავთ და ამასთან, ფაქტების უმეტესობა მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. თუმცა მკვლელობის მომენტში ის კაფეში იჯდა და თქვენ ამის მოწმე ხართ. თუკი არ დაიცავთ, დიდი ხნით ჩაჯდება ციხეში იმ დანაშაულისთვის, რომელშიც დიდი ალბათობით მისი ხელი არ ურევია. თუკი მოწმედ გახვალთ, თავისუფლად ივლის და თქვენი შვილის გაუპატიურება შერჩება. როგორ მოიქცევით?

ორსული ქალი
ორსული ქალი, რომელიც მოგზაურთა ჯგუფს ახლავს, სანაპიროსთან მდებარე გამოქვაბულის გამოსასვლელში გაიჭედა. მალე გამოქვაბული წყლით აივსება და ჯგუფის ყველა წევრი რომ არ დაიხრჩოს, საჭიროა, ორსული ქალი სასწრაფოდ გამოვიდეს იქიდან, თუმცა ამას ვერავინ ახერხებს. ამ დროს ვიღაცას აღმოაჩნდა დინამიტების შეკვრა. თუკი გამოსავლელთან რაღაც მანძილზე აფეთქდება დინამიტები, ორსული ქალი მაშინვე დაიღუპება, სხვები კი არ დაშავდებიან და გამოვლენ, თუ არადა ყველა დაიხოცება. შველის სხვა ვარიანტიც არ ჩანს. როგორ მოიქცევით?

ზღვა
ვიკენდზე მიდიხართ თქვენ და თქვენი 7 წლის გოგონა. მისი თხოვნით, თან მიგყავთ ძმისშვილი (დისშვილი), რომელიც ასევე 7-ისაა. სააგარაკო სახლი, სადაც მიდიხართ, პლაჟთან ახლოსაა. მანქანას რომ აჩერებთ, გოგონები გთხოვენ ნებართვას, პლაჟზე ითამაშონ და ზღვაში შესცურონ. თქვენ პლაჟზე თამაშის ნებას აძლევთ, ცურვისას – არა. მანქანიდან ბარგის ამოლაგებას რომ იწყებთ, გესმით კივილი. გარბიხართ და ხედავთ, რომ გოგონებს არ დაუჯერებიათ თქვენთვის, ღრმად შესულან წყალში და იხრჩობიან. პლაჟზე მეტი არავინაა, რომ დაგეხმაროთ. წყალში რომ შედიხართ, იაზრებთ, რომ ორივეს ერთად ვერ დაეხმარებით და ერთი უნდა აარჩიოთ, მაგრამ ერთს რომ გადაარჩენთ და მიბრუნდებით, მეორე უკვე დამხრჩვალი იქნება. თქვენი გოგონა უფრო ძლიერია, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, რომ დიდხანს გაძლებს. თქვენს ძმისშვილს (დისშვილს) კი უკვე სუნთქვა უჭირს. როგორ მოიქცევით?

დარტყმა და გაქცევა
მიდიხართ სამსახურში მანქანით და გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა დრო გაქვთ, სწრაფად მოძრაობთ. ცოტა ხნით CD-ის ან რადიოს ჩასართავად მზერა გადაიტანეთ ქვემოთ და ამ დროს რაღაც მკვრივს ეჯახებით. თქვენ მკვეთრად ამუხრუჭებთ, რის გამოც იქმნება საავარიო სიტუაცია და რამდენიმე მანქანა ზიანდება. გადმოდიხართ მანქანიდან და ხედავთ, რომ ადამიანს დაეჯახეთ, თანაც მისი გადარჩენის შანსი არ არსებობს. ამ დროს უცნობი ქალი მოემართება თქვენსკენ ატირებული. ბუნებრივია, ეკითხებით, რა მოხდა, და ის გპასუხობთ, რომ შემთხვევით ადამიანი გაიტანა, თითს კი იმისკენ იშვერს, ვისაც თქვენ დაეჯახეთ. შეგიძლიათ არაფერი მოიმოქმედოთ და დანაშაული ამ ქალბატონს დაბრალდება, ან გამოიჩინოთ პატიოსნება და უარი თქვათ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე რამდენიმე წლით. როგორ მოიქცევით?

სოფის არჩევანი
ეს დილემა დაფუძნებულია უილიამ სტაირონის ამავე სახელწოდების ნოველაზე. ის მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამბავს. სოფი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო. ერთ დღეს გუშაგი მივიდა მასთან და უთხრა:
– აირჩიე შენი ორი შვილიდან ერთ-ერთი და მას გაზის პალატაში წავიყვან. თუ არჩევანს არ გააკეთებ, ორივეს ერთად წავიყვან.
სოფიმ მას უმცროსი შვილი (გოგონა) გაატანა, უფროსი კი (ვაჟი) დაიტოვა. მოგვიანებით, არჩევანის გაკეთების გამო ისე ქენჯნიდა სინდისი, რომ თავი მოიკლა.

რა არის კარგი და რა ცუდი, ამაზე ხშირად კამათობენ ადამიანები, თუმცა ზოგჯერ პასუხი ბუნდოვანია. არსებობს შემთხვევები, რომლებსაც მორალურ დილემებს (ასევე ეთიკურ პარადოქსებს) უწოდებენ.

ნარკოტიკი
დასასვენებლად მეუღლესთან და 18 წლის ბიჭთან ერთად იყავით ინდონეზიის კუნძულ ბალზე. უკან ბრუნდებით და აეროპორტის სალაროში ბარგის ჩატვირთვის დროს მოდის პოლიციელი ძაღლთან ერთად. ძაღლი ჯერ თქვენი და თქვენი მეუღლის ბარგს სუნავს, შემდეგ გადაინაცვლებს თქვენი შვილისკენ და მისი ჩანთის ყნოსვისას ფხაკუნს იწყებს. პოლიციელი გთხოვთ, რომ გახსნათ ბარგი. თქვენ ასეც იქცევით და ხედავთ, რომ თქვენს შვილს მარიხუანას შეკვრა ჩაუდვია. ინდონეზიაში ნარკოტიკებზე მკაცრი კანონებია, დიდი ალბათობით თქვენი ვაჟი ან სამუდამო პატიმრობაში წავა, ან შეიძლება სიკვდილიც მიუსაჯონ. პოლიციელი გეკითხებათ: ვისია ეს შეკვრა? ამ დროს ხედავთ თქვენი მეუღლის გამომეტყველებას და ხვდებით, რომ ის აპირებს თავის თავზე აიღოს დანაშაული. როგორ მოიქცევით?

შეშლილი ამფეთქებელი
თქვენ ხართ პოლიციის თანამშრომელი. განყოფილებაში მოიყვანეს ადამიანი, რომელმაც ქალაქის რამდენიმე ადგილას ბომბები დაამონტაჟა და ასეულობით მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ტერორისტი იყენებს დუმილის უფლებას და ითხოვს ადვოკატს, თუმცა ამბობს, რომ ადვოკატის მოსვლის შემდეგაც არ იტყვის, სადაა ბომბები. კანონიერი გზით მისი ალაპარაკება შეუძლებელია. ამ დროს ერთ-ერთი კოლეგა გთავაზობთ, გამოიყენოთ წამების მეთოდი. თავად დამნაშავის წამებას შეიძლება შედეგი არ ჰქონდეს, ამიტომ საქმეში რთავენ მის ცოლს. თქვენ უნდა მისცეთ თანხმობა, აწამონ უდანაშაულო ადამიანი, რათა დამნაშავის აღიარების მეშვეობით იხსნათ ასობით უდანაშაულო ადამიანი. როგორ მოიქცევით?

სამაშველო ნავი
თქვენ იმყოფებით კრუიზში და ორი დღის შემდეგ გემს ტექნიკური პრობლემები უჩნდება, რამდენიმე საათში კი კაპიტანი ამბობს, რომ გემის გარე ფენა დაზიანდა და მგზავრები სამაშველო ნავებში უნდა გადასხდნენ, რათა თავს უშველონ. თქვენ ჯდებით ერთ-ერთ ნავში, რომელიც 10 ადამიანს იტევს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ მას ხვრელი აქვს და წყალი შედის, რის შემდეგაც ნელ-ნელა ჩაძირვას იწყებს. იმუშავებთ ასეთ გეგმას: 9 კაცი პეშვით იღებს წყალს და გარეთ ღვრის, ერთი კი ისვენებს და თან ნავის წონასწორობის დაცვას უწყობს ხელს. თქვენი გამოთვლით, ასეთ მდგომარეობაში 5 სთ-ის განმავლობაში გაძლებთ. ამ დროს შენიშნეთ, რომ ჩაგიარათ მეორე ნავმა, სადაც გემზე გაცნობილი მეგობარი იმყოფება და გთავაზობთ მასთან გადაჯდომას. იქ მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილია. მათი ნავი გაცილებით სწრაფად მოძრაობს და უფრო მალე მიაღწევს ნაპირს. თუ თქვენ ნავს გამოცვლით, გახვრეტილ ნავში დარჩება 9 წევრი და ფუნქციების გადანაწილების შემდგომ, როგორც აღმოჩნდება, მათ უფრო ნაკლები დრო დარჩებათ – 5-ის მაგივრად 2 საათი. თქვენ დარწმუნებული არ ხართ, რომ ამ 2 საათში მაშველები გამოჩნდებიან, მაგრამ ვერც იმას იტყვით დაზუსტებით, 5 საათში თუ იქნება გადარჩენის შანსი. გაქვთ დაახლოებით 30 წამი, რომ აირჩიოთ:

A – რჩებით ნავზე და ეხმარებით სხვებს იმდენი ხანი, რამდენსაც შეძლებთ, ანუ მაქსიმუმ 5 სთ.
B – გამოცვლით ნავს და უშველით თავს.

როგორ მოიქცევით?

ავადმყოფი პაციენტები
თქვენ პროფესიონალი ექიმი ხართ და 5 პაციენტი გყავთ, რომლებიც სიკვდილის პირას არიან. თითოეულს სხვადასხვა ორგანოს გადანერგვა ესაჭიროება, მაგრამ ორგანოები არ მოიძევება. მოხდა ისე, რომ შემოიყვანეს მეექვსე პაციენტი, რომელიც ასევე სიკვდილის პირასაა უკურნებელი სენის გამო. თუ არ უმკურნალეს, ის დანარჩენ ხუთზე ადრე გარდაიცვლება. თუმცა ამ შემთხვევაში დანარჩენი 5 პაციენტისთვის ორგანოები გაჩნდება. თქვენ გაქვთ წამალი, რომელსაც შეუძლია ეს მეექვსე პაციენტი განკურნოს. როგორ მოიქცევით?

A –დაიცდით, სანამ ბოლო პაციენტი მოკვდება და მის ორგანოებს გამოიყენებთ.
B – გადაარჩენთ მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი 5 დიდი ალბათობით სიცოცხლეს გამოემშვიდობებიან.

თუკი ირჩევთ მეორე ვარიანტს, რას იზამდით, თუკი ის წამალი მხოლოდ ცოტა ხნით ახანგრძლივებს მეექვსე პაციენტის სიცოცხლეს?

რობინ ჰუდი
თქვენ დაინახეთ, როგორ ძარცვავდა ქურდი ბანკს, მაგრამ შემდეგ რაღაც არაბუნებრივი და მოულოდნელი გააკეთა – ფინანსურად დაეხმარა გაჭირვებულ ადამიანებს, მიაწოდა მათ საკვები. ასევე ხელი მოუმართა ობლებსა და უსახლკაროებს. როგორ მოიქცევით?

A – დარეკავთ პოლიციაში და მისცემთ მის მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ მოპარულ ფულს უკან წაიღებენ.
B – არაფერს იზამთ და ფული ღარიბებს დარჩებათ.

მეგობრის ქორწილი
თქვენს საუკეთესო მეგობარს მალე ქორწილი ექნება. ცერემონია 1 საათში დაიწყება, თქვენ კი ამ დროს მის საცოლეს სხვასთან პაემანზე წაასწარით. თუკი მეგობარს ეტყვით, ის გაიგებს სიმართლეს, მაგრამ ქორწილი ჩაიშლება. თუ არ ეტყვით, ტყუილში მოუწევს ცხოვრების გაგრძელება.. როგორ მოიქცევით?

ფოტოების მაღაზია
მუშაობთ ფოტოატელიეში ფოტოების გამამჟღავნებლად. ბოლო რამდენიმე კვირაში 6 ფირი მოიტანეს ერთმა და იმავე მშობლებმა. სურათების გამჟღავნებისას მათზე ნახეთ ისინი პატარა ბიჭთან ერთად, სავარაუდოდ მათ შვილთან. ექვსიდან სამ ფირში ეს ბავშვი დაშავებული ჩანს. ერთ სურათში დალილავებული ადგილი აქვს, მეორეში – დამწვარი, სხვაგან კი ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები. პირველ ჯერზე იფიქრეთ, რომ მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ სხვა სურათებშიც რომ იგივე განმეორდა, ეჭვდებით, რომ მშობლები შვილს სცემენ. თქვენ დააპირებთ, ჰკითხოთ მშობლებს, რა ხდება, მაგრამ კარგად იცით, რომ თუ დასჭირდათ, შეუძლიათ ტყუილი თქვან. თუკი პოლიციას შეატყობინებთ, შეიძლება უდანაშაულო ადამიანებს ბრალი დასდონ, თუ არ შეატყობინებთ – შეიძლება ბავშვის მდგომარეობა გაუარესდეს. მიხვალთ პოლიციაში?

ახალგაზრდობის წყარო
ქალი/კაცი (რომელიც თქვენი საპირისპირო სქესისაა) უკვდავია, რადგან მისმა ოჯახმა უკვდავების წყაროდან დალია, ისე რომ არ იცოდნენ, რა იყო. თქვენ ეს ადამიანი შეგიყვარდათ და მასთან ცხოვრება გსურთ. თუმცა ამისთვის მოგიწევთ, თქვენც დალიო ჯადოსნური წყალი და გახდეთ უკვდავი. თუ ამას იზამთ, თქვენი თვალით იხილავთ და მოესწრებით მომავალში იმათ სიკვდილს, ვისაც იცნობთ, ხოლო თუკი იმედი გქონდათ, რომ სიკვდილის შემდეგ ნახავდით მათ, ეს იმედიც უნდა ამოიწუროთ. თუმცა თუკი არ დალევთ, ვერასდროს იქნებით იმასთან, ვინც გიყვართ. როგორ მოიქცევით?

მეგობრობა
ჯიმი პასუხისმგებელია ფირმაში ახალი კადრების მოყვანასა და ვაკანტური ადგილების შევსებაზე. გასაუბრებაზე მოვიდა მისი მეგობარი, რომელსაც აქვს ცოდნა და გამოცდილება, თუმცა არის სხვაც, მასზე უფრო მეტად მცოდნე და შესაფერისი კანდიდატურისთვის. ჯიმს სურს, მეგობარი დაასაქმოს, მაგრამ გარკვეულწილად თავს დამნაშავედ გრძნობს და ფიქრობს, რომ მიკერძოებულად იქცევა. თუმცა შემდეგ დაფიქრებისას მიდის დასკვნამდე, რომ როცა მეგობარს დახმარება სჭირდება, ის უნდა დააყენოს პირველ ადგილზე, შესაბამისად მას აცხადებს გამარჯვებულად. სწორად მოიქცა ჯიმი?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *