ძალიან მნიშვნელოვანია პატარაობიდანვე შევაჩვიოთ მოსწავლე საშინაო დავალებების სწორად შესრულებას და დავეხმაროთ აღნიშნული პროცესის სრულად გააზრებაში.
- პირველ რიგში კარგად უნდა მოვაწყოთ სამუშაო მაგიდა. დააკვირდით, რომ შუქის წყარო იყოს მაგიდის ცენტრში ან ცოტა მარცხნივ. სავარძელიც მაქსიმალურად კომფორტული შეარჩიეთ. ბავშვი არ უნდა გრძნობდეს არანაირ დისკომფორტს დავალების შესრულებისას.
- არანაირმა ფაქტორმა არ უნდა გააფანტინოს მოსწავლეს ყურადღება. გამორთეთ ტელევიზორი, კომპიუტერი. თვალთახედვიდან მოაშორეთ სათამაშოებიც.
- ნუ დასვამთ შვილს სამეცადინოდ სკოლიდან მოსვლისთანავე. მიეცით მას დრო დასასვენებლად და გასართობად. მეცადინეობამდე კარგად დაანაყრეთ.
- მას შემდეგ რაც მოაგვარებთ პროცესის გარეგან მხარეებს, გადადით უშუალოდ მეცადინეობის გეგმაზე: შეაჩვიეთ ბავშვი თავდაპირველად უფრო რთული საგნების დავალებების შესრულებას, ასე გონებისთვისაც ადვილი იქნება და მოტივაციაც მეტი ექნება, რომ ნელ-ნელა უფრო საინტერესოსკენ გადავა. მნიშვნელოვანია პატარამ იგრძნოს თქვენი თანადგომაც. მაგლითად, კარგი იქნება თუ ლექსებს ერთად ისწავლით. ასე პროცესიც გახალისდება.
- ხშირად ბავშვისათვის მაგიდასთან დიდხანს ჯდომა აუტანელი ხდება და ის კარგავს მეცადინეობის ხალისს. ასეთი პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება თუ თქვენ შვილთან ერთად შექმნით “გეგმას”: მაგალითისათვის: მათემატიკური ამოცანებისა თუ მაგალითების ამოსახსნელად შესაძლებელია სხვადასხვა ნივთების, თუნდაც სათამაშოების, გამოყენება.
- ყველა დავალებას თამაშს ვერ მიუსადაგებ, ამიტომ როდესაც მოზარდი დაიღლება მიეცით მას შესვენების დრო. შესვენება ასევე აუცილებელია სხვადასხვა საგნებს შორისაც. მეცადინეობის დრო მოსწავლის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, თუმცა ორი საათი იდეალური დროა.
რა თქმა უნდა, ბავშვი ყოველთვის ვერ შეძლებს დავალებების იდეალურად შესრულებას და იქნება ბევრი გაუგებრობაც. როდესაც ის დასახმარებლად თქვენთან მოდის, შეეცადეთ განუმარტოთ მისთვის საჭირირო საკითხი, თუმცა თუ ამის მერე კვლავ დაბნეულ თვალებს ხედავთ, მაშინ უმჯობესი იქნება ხელმეორედ ახსნისაგან თავი შეიკავოთ – უთხარით სხვა რამ გააკეთოს, პრობლემას კი მოგვიანებით ხელახლა მიუბრუნდეთ.
ხშირად სამსახურიდან მოსული მშობლები პირველი რასაც შვილებს ეკითხებიან არის “იმეცადინე?!”, – ასეთი დამოკიდებულება არასწორია. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენთვის უპირველესად მნიშვლეოვანია მისი ურთიერთობები, პრობლემები და არა სკოლის დავალებები.
აღსანიშნავია რომ ეს რჩევები ვერ მოაგვარებს მეცადინეობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ამ მითითებების დახმარებით პროცესი ბევრად გამარტივდება.