დიდხანს ეძინა ზარატუსტრას და ვარდისფერმა ალიონმა კი არა დილამაც გადაიარა მის სახეზე. ბოლოს როგორც იქნა თვალები გაახილა და გაოცებით შეხედა ტყეს და მის სიმშვიდეს, გაოცებით შეხედა საკუთარ თავს. მერე ისე სწრაფად წამოდგა, როგორც მეზღვაური, რომელმაც მოულოდნელად მიწა დაინახა და სიხარულის ყიჟინა დასცა. მან ახალი ჭეშმარიტება იხილა და ასე თქვა გულში:
სინათლე მოვიდა ჩემთან: მე თანამგზავრები მჭირდება, ცოცხალი თანამგზავრები; მკვდარი თანამგზავრები და გვამები კი არა, რომლებიც თან უნდა ვათრიო, სადაც მე მინდა, მე ცოცხალი თანამგზავრები მჭირდება, რომლებიც მე მომდევენ, რადგან საკუთარ თავს სურთ მისდიონ იქ, სადაც მე მინდა. სინათლე მოვიდა ჩემთან: ხალხს კი არ უნდა ესაუბროს ზარატუსტრამ, არამედ თანამგზავრებს! ზარატუსტრა არ უნდა იყოს ფარის მწყემსი და მეცხვარე ძაღლი.
ბევრი უნდა გამოვიტყუო ფარიდან – აი, რა განვიზრახე. ხალხი და ფარა გამიბრაზდება: ყაჩაღს უწოდებს მწყემსი ზარატუსტრას.
მწყემსი, მე ვამბობ, თორემ საკუთარ თავს კეთილებს და სამართლიანებს უწოდებენ. მწყემსი, ეს მე ვამბობ, თორემ საკუთარ თავს მართლმორწმუნეებს უწოდებენ. შეხედეთ კეთილებს და სამართლიანებს! ვინ სძულთ მათ ყველაზე მეტად? ის, ვინც ამსხვრევს მათ ღირებულებათა დაფას, დამრღვევი, კანონდამრღვევი – ის, ვინც შემოქმედია. შეხედეთ მართლმორწმუნეებს! ვინ სძულთ მათ ყველაზე ძალიან? ის, ვინც ამსხვრევს მათ ღირებულებათა დაფას, დამრღვევი, კანონდამრღვევი: ის, ვინც შემოქმედია.
თანამგზავრებს ეძებს შემოქმედი, გვამებს კი არა და ფარას და მორწმუნეებს. ახალ შემოქმედებს ეძებს შემოქმედი – იმათ, ვინც ახალ ღირებულებებს ამოკვეთს ახალ დაფაზე. თანამგზავრებს ეძებს შემოქმედი და მომკელებს, მათთან ერთად რომ აიღოს მოსავალი: რადგან ყველაფერი მწიფეა მკისთვის. მაგრამ მას ასი ნამგალი აკლია: და ძირფესვიანად თხრის თავთავებს და ბრაზობს. თანამგზავრებს ეძებს შემოქმედი და მათ, ვინც იცის, როგორ გალესოს საკუთარი ნამგალი. დამანგრევლებს უწოდებენ მათ და მოძულეთ სიკეთისა და ბოროტებისა. მაგრამ ისინი არიან მომკელები და მხარობლები. თანამოაზრე შემქმნელებს ეძებს ზარატუსტრა: მასთან ერთად რომ მომკიან და მასთან ერთად რომ იხარებენ მოსავლით, მათ ეძებს ზარატუსტრა: რა ესაქმება ჯოგებთან, მწყემსებთან და გვამებთან! და შენც, ჩემო პირველო თანამგზავრო, განისვენე! კარგად დაგმარხე ხის ფუღუროში; კარგად დაგმალე მგლებისგან. მაგრამ გემშვიდობები; დრო მოვიდა. ვარდისფერი აისიდან აისამდე ახალი ჭეშმარიტება მეწვია.
მე მწყემსი არ ვარ, მე არ ვარ მესაფლავე. არც მჭევრმეტყველებას აღარ ვაპირებ ხალხთან; უკანასკნელად ვლაპარაკობ მკვდართან. შემოქმედებს, მომკელებს და მხარობლებს უნდა შევუერთდე: ცისარტყელა უნდა ვუჩვენო მათ და ყოველი საფეხური ზეადამიანისკენ. მარტოსულებს ვუმღერებ მე ჩემს სიმღერას და მათ, ვინც ორნი მარტოსულობენ; და მათ, ვისაც ყურები ჯერ კიდევ შერჩა გაუგონრისთვის, გულს ავუვსებ ჩემი ბედნიერებით.
მე მიზნისკენ ვისწრაფვი, მე ჩემი გზით მივდივარ; უსაქმოდ ხეტიალსა და ზოზინს გადავალაჯებ.
დაე, ჩემი ახლანდელი ქმედება იყოს მათი გარდაცვალება.
ფრიდრიხ ნიცშე
,,ასე იტყოდა ზარატუსტრა”