“დამავოი”, იგივე სახლის სული

Spread the love

ძველ დროში სლავ ხალხს სჯეროდა, რომ დედამიწაზე, ადამიანების გვერდით სულები ცხოვრობდნენ, თუმცა მათი დანახვა თითქმის შეუძლებელი იყო. როგორც წესი, ისინი ღვარძლიან არსებებად ჰყავდათ გამოყვანილი, თუმცა ზოგიერთი მათგანი ეხმარებოდა და იცავდა კიდეც ადამიანებს მძიმე მომენტებში. სულების საცხოვრებელი ადგილი იყო ტყეები, ტბები, მინდვრები და სახლები. თუკი მათ პატივისცემით არ მოეპყრობოდნენ და მათ მოსაწონად არ მოიქცეოდნენ, სულები ძალიან ბრაზდებოდნენ, ანადგურებდნენ საცხოვრებელს, ხოცავდნენ საქონელს და იშვიათად ადამიანებსაც.

დამავოი (Дом – სახლი) – სახლში მცხოვრები მამრობითი სქესის სული, როგორც წესი დაბალი, ხნიერი და თმიანი. ხანდახან მთელი სხეული თმითა აქვს დაფარული. ასევე აქვს გრძელი ნაცრისფერი წვერი და კუდი ან რქები. დამავოი სადაც დაბინავდება, იმ სახლის უფროსი ხდება. თუმცა ხშირად ეხმარება მობინადრეებს ყოველდღიურ მძიმე სამუშაოებში და იცავს სახლს, თუ, რა თქმა უნდა, კარგად ეპყრობიან. კარგად მოპყრობაში იგულისხმება მისთვის რეგულარულად რძის, პურისა და ნამცხვრების მიცემა. ზოგიერთი გადმოცემით, დამავოი შეიძლება კატად ან ძაღლად გადაიქცეს. თუკი ოჯახი სხვაგან გადასვლას გადაწყვეტდა, სულსაც სთხოვდა თან გაყოლას. სული ასევე ეხმარებოდა მათ აბეზარი ადამიანების (სტუმრების) მოცილებაში. გადასვლისას როგორც წესი, ძველ ჩექმას ტოვებდნენ, დამავოი შიგნით იბუდებდა და შემდეგ ეს ჩექმა თან მიჰქონდათ. შეიძლება ერთ სახლში ორი დამავოი მოხვედრილიყო, ასეთ დროს დიდი ალიაქოთი იწყებოდა.

დამავოების საყვარელი ადგილია ზღურბლი კარებთან ან ღუმელის ქვემოთ მდებარე ტერიტორია. ამის გამო გლეხები მის სიახლოვეს საწოლს არ დგამდნენ, რომ არ გაენაწყენებინათ. თუკი დამავოი სიმპათიითაა განწყობილი ოჯახის წევრების მიმართ, ყოველთვის აფრთხილებს მათ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. ხოლო თუ ცუდადაა განწყობილი, ამტვრევს ჭურჭელს, ალილავებს ადამიანებს, ტირის და ყვირის, შეიძლება ვინმეს ძილში დახრჩობითაც დაემუქროს. ამბობენ, რომ დამავოი იბადება, როგორც მოხუცი ადამიანი და კვდება, როგორც ბავშვი. როგორც წესი, ბოროტები არ არიან, მათი მოვალეობაა 70 წლის განმავლობაში ემსახურონ ადამიანებს, რათა ღმერთმა აპატიოს შეცდომები და სამოთხეში შესვლის ნება მისცეს. სწორედ ამიტომ ისინი არ გაურბიან რელიგიურ ნივთებს, თუმცა არც დიდად აღაფრთოვანებთ, რადგან თავიანთი სასჯელი ახსენდებათ.

დამავოის უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ცხენი და უვლის მათ. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რა ფერისაა ცხოველი. თუკი მაგალითად ცხენი მოეწონა, ხშირად დაუვარცხნის ფაფარს, კარგად გამოკვებავს, და როცა სახლის პატრონს ცხოველისთვის საკვები არ აქვს, მეზობლისგან მოიპარავს. ხოლო თუ არ მოეწონება ცხოველები, მაშინ ხშირად ისინი იკარგებიან, ხელს უშლის ჭამასა და წყლის დალევაში, ხშირად აწვალებს მათ. დამავოი ვერ იტანს გინებას, სარკეებს, თხებსა და ფიცს. თუკი ოთახში ვინმე სარკეს დაკიდებს, შეიძლება ის სახლი სამუდამოდ დატოვოს. არ უყვარს ღვთის გმობაც და რელიგიისადმი აგდებული დამოკიდებულება. ამ დროს ნაწყენდება და შეიძლება ვეღარასდროს შემოირიგონ.

გლეხები თვლიდნენ, რომ ჭრიალი, სტვენა, სიარულის ხმა და ხმაური დამავოის ხრიკები იყო. იმის მიხედვით რა ხმებს გამოსცემდა, შეიძლებოდა გაერკვიათ, თუ რა მიზანი ჰქონდა. მაგალითად, გულგამგმირავი ყვირილი, ჩხაკუნი და კვნესა ცუდის მომასწავებელი იყო, ხოლო სიცილი, სიმღერა და ცეკვის ხმა – კარგის. ღამით დამავოის რბილი, თმიანი ხელის შეხება კარგ ნიშნად ითვლებოდა. ხოლო თუკი ცივი და მჩხვლეტავი იყო, რაღაც ცუდი მოხდებოდა. უმეტესად დამავოი უჩინარი იყო, რადგან არ სურდა, ხალხს ენახა. თუკი ოჯახის თავი მამაკაცი საქმის გამო დატოვებდა სახლს, დამავოი მის ფორმას იღებდა და ღამით დადიოდა ეზოში.

ყველაზე ხშირად დამავოის ხედავდნენ აღდგომას და აღდგომამდელი კვირის პერიოდში. რუსეთსა და სხვა სლავურ ქვეყნებში დღესაც არიან გლეხები, რომლებსაც მტკიცედ სწამთ დამავოის არსებობის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *